ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პროექტი შექმნის და დაამკვიდრებს საქართველოს, როგორც რუსეთის დერეფნის სანდო ალტერნატივას
სანამ ჩვენ აქ ვსხედვართ და ვიხილავთ სხვადასხვა საკითხს, სანამ სახელმწიფოსთან ღია თუ დახურული შეხვედრები იმართება, რუსეთი დაჩქარებული ტემპებით ემზადება ახალი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად შავი ზღვის თავის აკვატორიაში, საქართველომ კი, გადამწყვეტი სტრატეგიული როლი უნდა ითამაშოს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, სწორედ ამის გამო არის დიდი დაინტერესება პარტნიორების მხრიდან ანაკლიის პროექტისადმი.
„ჩვენ ევროკავშირმა შეგვიყვანა თავის სტრატეგიული განვითარების გეგმაში, „აზიის განვითარების ბანკმა“ შეიყვანა ანაკლია როგორც ერთ-ერთი მოწინავე პროექტი თავის შემდგომ ხუთ წლიან გეგმაში. არის უპრეცედენტო დაინტერესება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ ამ პროექტთან მიმართებაში. რატომ? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა ითამაშოს სანდო, ეფექტიანი დამაკავშირებელი დერეფნის როლი ცენტრალურ აზიასა და დასავლეთს შორის. ჩვენი პარტნიორები და ცენტრალურ აზიაში ჩვენი მეზობელი ქვეყნები ვერ და არ უნდა იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ რუსეთის დერეფანზე. ამიტომ, სწორედ ანაკლია არის ის პროექტი, რომელიც შექმნის და დაამკვიდრებს საქართველოს, როგორც რუსეთის დერეფნის სანდო ალტერნატივას“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
პარლამენტში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის ინიციატივით იმართება. მას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებიც ესწრებიან.