ლევან აბაშიძე - არ შეიძლება, ეკლესიას გარკვეული პოლიტიკური მიმართულება ჰქონდეს
ეკლესია იმაზე მეტია, ვიდრე რომელიმე ანაფორიანი მღვდელი, ის მთელი მრევლია და ჩემი აზრით, გარკვეული სასულიერო პირები თავის თავზე ძალიან ბევრს იღებენ, როცა ამბობენ, რომ მოსახლეობის 90% ასე ფიქრობს, – ამის შესახებ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გამოდის მღვდელი და იძახის, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს წარმოადგენს, მაგრამ ის ამ 90%-ს ნამდვილად არ წარმოადგენს. სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც ეკლესიის მაღალ რეიტინგზე საუბრობს, რეალობას სრულიად არ ასახავს. არ შეიძლება, ერთ კითხვარში იყოს კითხვა – ენდობი თუ არა პოლიციას, სასამართლოს და ეკლესიას, რადგან როცა მე მეკითხებიან, ჩემთვის ეკლესია არის ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესია, რომელსაც ვენდობი და ეს სულ სხვა სფეროა. ვიღაცას ეკლესია ესმის, როგორც მისი მოძღვარი, ვიღაცას – როგორც საპატრიარქოს კანცელარია და ა.შ.“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, ეკლესიაში იმიტომ მივდივართ, რომ ყველას ქრისტესი გვწამს და არა იმიტომ, რომ სახელმწიფო საკითხებში ვართ ერთ აზრზე.
„ამისთვის მე შეიძლება, რომელიმე პარტიაში შევიდე. არ შეიძლება, ეკლესიას გარკვეული პოლიტიკური მიმართულება ჰქონდეს. ეკლესიაში ერთი პარტიის წევრიც უნდა შევიდეს, მეორე პარტიის წევრიც და უპარტიოც“, – განაცხადა აბაშიძემ.
თეოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, ჩვეულებრივ პოლიტიკურ საკითხებში ერთიანი ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს, რადგან ის, რაც ქრისტემ მოიტანა და რითაც ეკლესია გვაერთიანებს, ამქვეყნიური საქმეები არ არის.
„რასაკვირველია, თუ ეკლესია თავის სიმაღლეზე იქნება, ის სახელმწიფოზე თავის კეთილ გავლენას მოახდენს, მაგრამ არა ასეთი სახით, როცა გამოდიან და ამბობენ – აი, ახლა თქვენ ეს კანონი მიიღეთ და მერე ნახეთ, რა მოხდება, ჩემს უკან 90 პროცენტია და თუ ასე არ მოიქცევით, ხვალ ხელისუფლებაში აღარ იქნებითო. ეს მუქარაა. ეს ეკლესიის საქმე არ არის და უწმინდესმაც ზუსტად იგივე თქვა, პოლიტიკაში ნუ ერევითო“, – განაცხადა აბაშიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, როცა ისეთ ავტორიტეტულ ინსტიტუციას, როგორიც ეკლესიაა, განსხვავებული პოზიცია აქვს და პროტესტს გამოხატავს, ლევან აბაშიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების უფლება მის მიერ არჩეულ პარლამენტს და შესაბამისად, მთავრობას მისცა და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ.
„დემოკრატია ის არ არის, მე აგირჩევ და ოთხი წელიწადი რაც გინდა, ის აკეთე. რასაკვირველია, მათ საზოგადოებრივი აზრი უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ ზეწოლას და დაწოლას არ უნდა დაყვნენ“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.