„ლევადა ცენტრი“ - აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, რუსეთის მოქალაქეთა 18 პროცენტს მოსკოვის აგრესიის შესახებ არაფერი სმენია
რუსეთის მოქალაქეების 18-მა პროცენტმა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ არაფერი იცის, 5 პროცენტი კი, დარწმუნებულია, რომ კონფლიქტი რუსეთმა წამოიწყო. ამის შესახებ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლის თავზე რუსული „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
გამოკითხულთა 56 პროცენტი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ „რაღაც გაუგიათ“, ხოლო 18 პროცენტი ამბობს, რომ აგვისტოს ომის შესახებ „პირველად ესმის“
გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 24 პროცენტი მიიჩნევს, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების ბრალია. გამოკითხულთა მეხუთედი ამბობს, რომ 2008 წლის ომში „ყველა მხარე თანაბრადაა დამნაშავე“, ხოლო 3 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის მმართველ რეჟიმებს ადანაშაულებს.
„მთელი ანტიქართული პროპაგანდა მაშინ აგებული იყო იმაზე, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება არა საქართველოს, არამედ აშშ-ს და ნატო-ს, რომლებიც სააკაშვილის ზურგს უკან დგანან“ – განაცხადა „კომერსანტთან“ ინტერვიუში „ლევადა ცენტრის“ დირექტორმა, ლევ დუკოვმა.
„ლევადა ცენტრის“ გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა მესამედი 2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებს.