ლესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს
ინგლისის ქალაქ ლესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა.
დაკავებულები აფეთქების ორგანიზების მიზნით შეთქმულებასა და ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღებაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც BBC იტყობინება, ორივე დაკავებული აღმოსავლეთ ინგლისში მცხოვრები შუა ხნის მამაკაცია.
მანამდე, 28 თებერვალს პოლიციამ ამავე საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ სამი მამაკაცი დააკავა. ისინი გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი.
პოლიცია აცხადებს, რომ არ აქვს რაიმე მტკიცებულებები, რაც მიანიშნებდა, რომ აფეთქება ტერორიზმს უკავშირდება.
ლესტერში აფეთქება 25 თებერვალს დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიაში მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი. კიდევ ხუთი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.