„ლესტერის“ ფეხბურთელები ტაილანდში მიემგზავრებიან
„ლესტერის“ ფეხბურთელები ტაილანდში მიემგზავრებიან

„ლესტერის“ ფეხბურთელები ტაილანდში გაფრინდებიან და კლუბის ტრაგიკულად დაღუპული მფლობელის, ვიშაი შრივადჰანაპრაბჰას დაკრძალვას პირადად დაესწრებიან. სამგლოვიარო ცერემონია ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკში შაბათს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება. ფეხბურთელები ტაილანდში ორ დღეს დაჰყოფენ.

პრემიერ ლიგის ბოლო მატჩი „ლესტერმა“ სტუმრად „კარდიფთან“ გამართა და 1-0 გაიმარჯვა. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და მაყურებლებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ვიშაის ხსოვნას, უშუალოდ მატჩის დაწყებამდე კი „ლესტერის“ მოთამაშეებს მაისურები ეცვათ, რომლებზეც გუნდის მფლობელის ფოტოები იყო გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ ვიშაი შრივადჰანაპრაბჰა 27 ოქტომბერს დაიღუპა, როდესაც „ლესტერის“ სტადიონის მოედნიდან აფრენილი მისი პირადი შვეულმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა.  ასევე დაიღუპნენ მისი დაცვის ორი წევრი, პილოტი და ერთი მგზავრი.