ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს პატიმრობა შეეფარდა
ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომიდან ბრალდებული გააძევეს, რადგან მან პროკურორს რამდენჯერმე ხმამაღალი რეპლიკით მიმართა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. თუმცა, ორი დღის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დაკავებული წარდგენილ დანაშაულს აღიარებდა.

გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხდებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულმა 2020 წლის 28 ივლისს, წყნეთში ლერი სულაბერიძის ავტომობილის მისამართით ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შემდეგ ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ლერი სულაბერიძე გამოიკითხა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს გაიმართება.