ლერი ხაბელოვი - ჩვენი სპორტსმენების დაბულინგება მიმდინარეობს, მოახლოვდა საპარლამენტო არჩევნები და ოპონენტები გააქტიურდნენ
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, სპორტის პოლიტიკაში ჩართვა მიუღებელია და ოპონენტების ბოლოდროინდელი განცხადებები შეურაცხმყოფელია.
ხაბელოვი ოპონენტებს მოუწოდებს, სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
„წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას და მათ დაცვა სჭირდებათ. ბევრ შეურაცხყოფას ვიღებთ, მაგრამ ამას ვიტანთ, ოპონენტები ჩვენს საქმიანობას არაკონსტრუქციულად და არარეალურად აფასებენ პარლამენტში, თუ სპორტში. რაც ხდება, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან არ შეიძლება, სპორტი პოლიტიკაში ჩავრთოთ. ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელი და არასწორია. მინდა, ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ სპორტი არაპოლიტიზირებულია. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები სპორტსმენებისთვის მტკივნეული იყო და ამის გაკეთება არ შეიძლება. ოპონენტებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისა და მსგავსი განცახდებების გაკეთებისგან“ ,- განუცხადა ლერი ხაბელოვმა საქართველოს პირველ არხს.
ამასთან, ხაბელოვის თქმით, როცა რაგბს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, მაშინ სპორტში მცირე თანხა იყო გამოყოფილი, შემდეგ ბიუჯეტი გაიზარდა და სპორტს სახელმწიფო აფინანსებს.
ლერი ხაბელოვი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სპორტსმენების დაბულინგება მიმდინარეობს.
„ძალიან ვიწროპარტიულ შეფასებებს აკეთებენ. როცა რაგბს ივანიშვილი აფინანსებდა, იმ პერიოდში სპორტში დაფინანსება საერთოდ არ იყო. მაშინ სპორტში ორი მილიონი იყო გამოყოფილი. ეს ბიუჯეტი გაიზარდა და სპორტს სახელმწიფო აფინანსებს. როცა სპორტს უჭირდა, ივანიშვილი ეხმარებოდა. ფაქტობრივად, მსოფლიო დონის მორაგბეები გვყავს. სპორტსმენების დაბულინგება მიმდინარეობს, რადგან მოახლოვდა საპარლამენტო არჩევნები და ოპონენტების აქტიურობა ამიტომ ხდება. სპორტზე შეტევა ხორციელდება. თუ სპორტსმენი სურათს გადაიღებს და მასთან მთავრობის წევრი დადგება, ეს მთავრობის მხარდაჭერად აღიქმება. ნებისმიერი მთავრობის ვალდებულებაა, რომ სპორტსმენი მიიღოს, შეაქოს და დააჯილდოვოს. ეს ისე არ უნდა აღიქმებოდეს, რომ სპორსტმენი მთავრობას უჭერს მხარს. ჩვენს ოპონენტებს ეს განცდა აქვთ და ჩვენს სპორტსმენებს აბულინგებენ“ ,- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: „ცოდვილი ვარ და შემრისხეთ. ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა. აღარ გვინდა, ბატონო ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები. მილიონები, რასაც ისინი შეექცევიან, უნდა გადავისროლოთ მასობრივი სპორტის დასაფინანსებლად. ჯანმრთელი მომავალი თაობა მაინც გვეყოლება“.