ლერი ბარნაბიშვილი - პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში, გურიასა და აჭარაში მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს
საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ როსტომ სესიაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდა, სადაც გასულ თვეს სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა.
ლერი ბარნაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება პირადად გააცნო. საქართველოს მთავრობის 22 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო ერთი მილიონი ლარი, რომელიც 26 აგვისტოს ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გავაზში, შაქრიანში, კუჭატანში, გრემსა და შილდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული 100 საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოხმარდება.
„მოგეხსენებათ, გასულ თვეს კახეთში მომხდარმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით ერთი მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც დაზიანებული სახლების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ სტიქიისთვის აქამდე საქართველოს მთავრობამ მილიონ-ნახევარი ლარი უკვე გამოყო, დღეს კი დამატებით თანხის მობილიზება მოხდა“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აჭარისა და გურიის რეგიონებში მომხდარ სტიქიასაც გამოეხმაურა. ლერი ბარნაბიშვილის თქმით ,მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრემიერის გადაწყვეტილებით კი დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს მთავრობა დაეხმარება, მოხდება ყველა იმ დაზიანებული სახლის აღგენა, რომელსაც სტიქიამ მიაყენა ზიანი.
„მინდა, გამოვეხმაურო გურიასა და აჭარაში განვითარებულ მოვლენებს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ადგილობრივმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია და მათი აღდგენითი სამუშაოები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მინდა, ვუთხრა მოსახლეობას, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა. მათ ექნებათ მაქსიმალური გვერდში დგომა მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.