ლერი ბარნაბიშვილი - გრძელდება ძებნის ოპერაცია, ოთხივე მხრიდან გზის მიყვანა მოხდა და მაშველებს ყველა მხრიდან შეეძლებათ სტიქიის ადგილზე მისვლა
ლერი ბარნაბიშვილი - გრძელდება ძებნის ოპერაცია, ოთხივე მხრიდან გზის მიყვანა მოხდა და მაშველებს ყველა მხრიდან შეეძლებათ სტიქიის ადგილზე მისვლა

გრძელდება ძებნის ოპერაცია, მოხდა ოთხივე მხრიდან გზის მიყვანა და მაშველებს ყველა მხრიდან შეეძლებათ სტიქიის ადგილზე მისვლა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

როგორც ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან რეინჯერები და თავდაცვის სამინისტროს ძალები.

„სამაშველო ოპერაცია გრძელდებოდა მთელი ღამის მანძილზე, კონკრეტულ ადგილებზე. დღეს, 06:00 საათიდან მუშაობას შეუდგა მასშტაბურად ტექნიკა. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს ჩაერთო თავდაცვის ძალები, 200 ადამიანი. ასევე ჩაერთვნენ გარემოს დაცვის სამინისტროს რეინჯერები მაშველებთან ერთად. გაიჭრა დამატებითი გზა და გაკეთდა დროებითი ხიდი, რომელმაც საშუალება მოგვცა გადაგვეყვანა დამატებით მძიმე ტექნიკა. დღეს ნაპოვნი იქნა, სამწუხაროდ, ოთხი ცხედარი. მინდა, გამოვთქვა და სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახს. რაც შეეხება ძებნის ოპერაციას, დღესაც გრძელდება, ამ წუთებშიც და გაგრძელდება დამატებით. მოხდა ოთხივე მხრიდან გზის მიყვანა. დღეს ალბათ დამთავრდება და ოთხივე მხარეს მოხდება ამ ჩამოშლილ მასასთან მუშაობა და ოთხივე მხარეს შეძლებენ მაშველები სტიქიის ადგილზე მისვლას. მდინარეების, ჭანჭახის და ბუბას შესართავთან დაგუბებაზე პერიმეტრის შესწავლა მოხდა გუშინაც. იყვნენ ვერტმფრენით გეოლოგები, იყო ასევე შესწავლილი დრონით და დღეს იქნა განხილული ეს საკითხი. გეოლოგების დარწმუნებით, აღნიშნული ამ ეტაპზე არ წარმოადგენს საფრთხეს“, – განაცხადა ბარნაბიშვილმა.