ლექსო ალექსიშვილი - სასურველია, შეჩერდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჯერ არ დაწყებულა
ლექსო ალექსიშვილი - სასურველია, შეჩერდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჯერ არ დაწყებულა

სასურველია შეჩერდეს წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკის გამოწვევები და მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლო სხვადასხვა ვერსი განიხილეს.

დისკუსიის დროს „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ არათუ ქართული, არამედ მსოფლიო ეკონომიკა მსგავსი კატასტროფის წინაშე არ მდგარა და დღეს მდგომარეობიდან გამოსვლის რამე მზა რეცეპტი არ არსებობს. ამიტომ ალექსიშვილი თვლის, რომ მთავრობამ მიმდინარე კრიზისის ფონზე უმჯობესია, არავითარი სტიმულირება ან გადასახდების გადავადება არ მოახდინოს და მხოლოდ კრიზისის დაძლევაზე იფიქროს. 

პარალელურად, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს შეიძლება ფინანსური რესურსი დასჭირდეს, „პიემსიჯის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, გადაიდოს ის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჯერ არ დაწყებულა.

„ამ კონკრეტულ ყველაზე ექსტრემალურ ვითარებაში ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იქნება, რომ მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც წელს გვქონდა დაგეგმილი და ამაზე ვალდებულება ჯერ არ აგვიღია, არც ავიღოთ, რადგან შეიძლება ფული დაგვჭირდეს. ეს ფული არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს სჭირდება ფინანსური რესურსი, რომელიც ეფექტურად უნდა გამოიყენოს. მესმის, რომ ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია და ის, რაც დაწყებული გვაქვს უნდა დავასრულოთ, ეს ცალსახაა, მაგრამ ის ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომელიც ჯერ არ დაგვიწყია, ამ წუთში მათი სასწრაფოდ განხორციელება საჭირო არ არის. საქმე ისაა, რომ საერთო ჯამში ეკონომიკური აქტივობა შემცირდება და მისი გამოყენების ეფექტურობა, განსაკუთრებით უახლოეს პერიოდში, არ იქნება მაღალი. მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ასეთი არ ყოფილა არასდროს მსოფლიოში. ამიტომ ისევე, როგორც ჯანდაცვაში არ არსებობს რეცეპტი ამ ვირუსთან საბრძოლველად, ეკონომიკაშიც არ არსებობს კონკრეტული რეცეპტი, ეს როგორ უნდა დავძლიოთ. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა შეიძლება კონტრპროდუქტიული გამოვიდეს“, – განუცხადა ლექსო ალექსიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.