ლექსო ალექსიშვილი - ლარი ტურბულენტობას ვერ უძლებს, რადგან მის მიმართ ნდობა დაბალია
ლარი ტურბულენტობას ვერ უძლებს, რადგან მის მიმართ ნდობა დაბალია, თუმცა არსებული სავალუტო შოკის ფონზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები სწორი ნაბიჯია, რადგან პანიკას აცხრობს, რაც საბოლოოდ ბაზარს ამშვიდებს. რეკომენდებულია დამატებითი მექანიზმების ამოქმედებაც, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკის გამოწვევები და მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლო სხვადასხვა ვერსია განიხილეს.
დისკუსიის დროს „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ არათუ ქართული, არამედ მსოფლიო ეკონომიკა მსგავსი კატასტროფის წინაშე არ მდგარა და დღეს მდგომარეობიდან გამოსვლის რამე მზა რეცეპტი არ არსებობს.
მისი მოსაზრებით, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებაც საბოლოო ჯამში სწორედ არსებული კრიზისული სიტუაციით შექმნილმა მღელვარებამ გამოიწვია, რადგან ლარის მიმართ ნდობა დაბალია.
„რა თქმა უნდა, არის აჟიოტაჟური და პანიკური მოთხოვნა, მაგრამ ფაქტია, რომ ნდობა ლარის როგორც ქვეყნის ვალუტის მიმართ არის დაბალი. რაც არ უნდა ვიზრუნოთ, რომ ლარის რეპუტაცია ხელოვნური ჩარევით გავზარდოთ, როგორიცაა ლარიზაციის პროგრამები და ა.შ. და მის მიმართ ისეთი ნდობა იყოს, რომ ასეთი ტურბულენტური პერიოდის დროს ნდობა არ დაკარგოს, ეს არარეალისტურია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლარიზაციის პროგრამა და რეგულაციების შემოღება მიმდინარეობდა, ვამბობდით, რომ ეს არის კარგი, ვიდრე კარგი ამინდია და როგორც კი ამინდი აირევა, ეს ჩალის სახლივით დაინგრევა“, – განაცხადა ალექსიშვილმა.
მისი მოსაზრებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები არსებული პანიკის დასამშვიდებლად სწორი ნაბიჯია, თუმცა ეს საკმარისი არ არის და დამატებითი მექანიზმებიც უნდა ამოქმედდეს, როგორიცაა ბანკების უცხოური სავალუტო რეზერვების სავალდებულო კოეფიციენტის დაწევა, რომელიც დღეს 25 პროცენტს შეადგენს.
„დღეს ალბათ მნიშვნელოვანია ბანკების სავალუტო რეზერვების მართვის საკითხი, სადაც გარკვეული სივრცის მიცემა შესაძლებელია, რომ მათ მეტნაკლებად თავისუფლად იმოქმედონ. ეროვნულმა ბანკმა სავარაუდოდ ზუსტად იცის, სადამდე შეიძლება ეს დაიწიოს, რამდენი აქვს სივრცე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ინსტრუმენტის გამოყენებას ცალსახად აქვს აზრი. მეორე – მე პოზიტიურად არ ვუყურებ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, რაც გულისხმობს, რომ გაძვირებულმა ლარმა შეიძლება ეფექტი მოიტანოს. ეს ვერ იქნება ეფექტური. რაც შეეხება ლარის კურსის ხელოვნურად შეჩერებას, ამ წუთისთვის ეროვნული ბანკის ინტერვენციებზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, სწორად ახდენს ინტერვენციებს, რადგან ასეთი ტიპის შოკების დროს მნიშვნელოვანია, პანიკა დააცხრო და ამას შედეგი თავისთავად მოაქვს“, – განუცხადა ლექსო ალექსიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.