ლექსო ალექსიშვილი - კრიზისული სიტუაცია ვიდრე არ დასრულდება, ეკონომიკის სტიმულირება ეფექტს ვერ მოიტანს
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული სიტუაცია ვიდრე არ დასრულდება, ეკონომიკის სტიმულირება ეფექტს ვერ მოიტანს, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკის გამოწვევები და მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლო სხვადასხვა ვერსია განიხილეს.
დისკუსიის დროს „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ არათუ ქართული, არამედ მსოფლიო ეკონომიკა მსგავსი კატასტროფის წინაშე არ მდგარა და დღეს მდგომარეობიდან გამოსვლის რაიმე მზა რეცეპტი არ არსებობს, ზუსტად ისევე, როგორც არ არსებობს უებარი წამალი კორონავირუსის წინააღმდეგ. ალექსიშვილი თვლის, რომ მთავრობამ მიმდინარე კრიზისი ფონზე უმჯობესია, არავითარი სტიმულირება არ მოახდინოს და მხოლოდ კრიზისის დაძლევაზე იფიქროს.
„ამ ვითარებაში ნებისმიერი ქმედება ან რეკომენდაცია, რომელმაც დამატებითი ხარჯები ან შემოსავლების კლება უნდა გამოიწვიოს, არ იქნება სწორი. ამ წუთისთვის რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირება სრულყოფილად. ამას სჭირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური უზრუნველყოფა და ამას ჯერ მშვენივრად ართმევს თავს მთავრობა, ისევე როგორც ჯანდაცვის კუთხით მშვენივრად ართმევს თავს. მეორე – მთავრობამ უნდა გაუძლოს ცდუნებას და სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მოთხოვნას, რომ გინდა თუ არა ახლა ჩაერიოს ეკონომიკის სტიმულირების კუთხით. არანაირ განსკუთრებულ მოქმედებას, სანამ სიტუაცია არ დამთავრდება, ეკონომიკის სტიმულირების კუთხით აზრი არ ექნება და ვერანაირ ეფექტს ვერ მოიტანს. ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ალექსიშვილმა.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სასიცოცხლო ეკონომიკური ფუნქციების მქონე სექტორების გამართული მუშაობა, როგორიცაა ბანკები და ტრანსპორტი. ალექსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაც. მისი თქმით, რაც შეეხება ეკონომიკის სტიმულირებას, ეს უკვე კრიზისის შემდგომ პერიოდში იქნება უპრიანი, რადგან პრობლემა მთლიანად ეკონომიკას ეხება და არა მის ცალკეულ სექტორებს.
„ერთადერთი, რაც შეიძლება ახლა გავაკეთოთ, საერთო ჯამში შევამციროთ პრობლემების ფონი. ასეთ დროს პრობლემების მთავარი მსხვერპლი არის ჩვენი მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები. შესაბამისად, დღეს იმის თქმა, რომ ეკონომიკური სტიმულირება მოვახდინოთ და მაგალითად ერთის მხრივ, გადასახადები დავწიოთ ან მეორეს მხრივ, რომელიმე სექტორი დავაფინანსოთ, არ იქნება სწორი. ამ წუთას გადასახდების დაწევით შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემა შევუქმნათ შემოსავლების ნაწილს, რომელიც ახლა გვინდა თუ არა, გვჭირდება ყველაფრისთვის. დაფინანსების გაზრდით უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რაღაცის ხარჯზე ხდება. შეუძლებელია, რომ ერთიც გააკეთო და მეორეც და ეს არაფრის ხარჯზე ხდებოდეს“, – განმარტა ალექსიშვილმა.
„პიემსიჯის“ გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს საგარეო დაფინანსების მოზიდვაზე მუშაობა, რადგან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დახმარებისთვის მზად არიან.
„აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საგარეო დაფინანსების შესაძლებლობები. ეს იქნება აუცილებელი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი. მთავრობა და სხვა ეკონომიკური ბლოკის ინსტიტუტები ამას ალბათ უკვე ახორციელებენ. სავალუტო ფონდმა დღეს გააკეთა განაცხადი, რომ ერთი ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინსტრუმენტებს განათავსებს. ასევე, საუბარია, რომ სავალუტო სვოპების მექანიზმების შემოღებას წაახალისებს, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ასეთი ინსტრუმენტებით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ, აქ ორი აზრი არ არის, მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ ზუსტად ბალანსი როგორია. ზომიერება ყველაფერში უნდა დავიცვათ, რომ კიდევ უფრო მეტი არ დავაზარალოთ“, – განუცხადა ლექსო ალექსიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.