„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურ მენეჯერსა და ტექნიკური საწყობის ზედამხედველ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაკავებულების პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა.

„ერთ-ერთი ბრალდებული ერთხელ უკვე იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ის ნასამართლევია, ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ ის მიიმალოს, რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მას აქვს კავშირები თურქეთში და ასევე არის საშიშროება, რომ მან გამოიყენოს კავშირები და მიემალოს გამოძიებას, ამიტომ ვითხოვთ წინასწარ პატიმრობას, რათა ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას, დანაშაული არის მძიმე, ის ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას და ეს გარემოებები აძლიერებს რისკებს, რომ მათ თავი აარიდონ სასამართლოს“, -განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

დაცვის მხარემ მოსამართლეს ორივე დაკავებულის 20 ათას ლარიანი გირაოს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიახ, წლების წინ იყო ნასამართლევი, მაგრამ მას შემდეგ ერთხელაც არ ჰქონია მცირედი გადაცდომა, უკვე გაქარწყლებულ დანაშაულზე შეიძლება მთელი ცხოვრება ვისაუბროთ და შევახსენოთ ადამიანს? მით უმეტეს, როცა მას გაუფრთხილებლობას ვედავებით, ამიტომ ვერ დავეთანხმები პროკურატურის მოსაზრებებს“,- განაცხადა გ.ი.-ს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

მოსამართლემ დაცვის არგუმენტები არ გაითვალისწინა. გადაწყვეტილებას დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს ჩაინიშნა.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგით (CO) გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით 11 პირი გარდაიცვალა, ხოლო 19-მა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.