ლენტეხში მუკბანიანების საგვარეულო კოშკის სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშში დაიწყო მუკბანიანების საგვარეულო კოშკის მეორე ეტაპის სამუშაოები.
სააგენტოს ცნობით, სარესტავრაციო პროცესი არქიტექტურული ნაგებობის ქონგურების აღდგენას, მთლიანი კოშკის სახურავის კონსტრუქციის მოწყობასა და მისი ფიქალის ქვით გადახურვას ითვალისწინებს.
„მუკბანიანების კოშკის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს წარიმართა, შესრულებულმა სამუშაოებმა სანახევროდ მორღვეული კოშკის კედლები მოიცვა. ნაგებობის ქვები ახლიდან გადაეწყო და ნაწილობრივ ახალი მასალით ჩანაცვლდა. ფიზიკური სამუშაოების შედეგად ნაგებობის პირველ და მეორე დონეზე მოეწყო ხის სართულშუა გადახურვები. სარეაბილიტაციო პროექტის მეორე ეტაპის დაწყებამდე კი, არქიტექტურული ნაგებობა დროებითი სახურავით გადაიხურა.
საპროექტო გეგმის მიხედვით, საგვარეულო კოშკზე ფიზიკური სამუშაოები, რომელისაც ი/მ ანდრიან მუკბანიანი ასრულებს, 2019 წლის დეკემბერში დასრულდება. ორი წლის მონაცემების მიხედვით სარესტავრაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 68 000 ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.