ლენტეხსა და ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი იხსნება, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები
ლენტეხსა და ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი იხსნება, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ასევე სოფელ ხიდისყურში ჩატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
„10 აპრილიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტში და 13 აპრილიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებს სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი, რის ფარგლებშიც, დაახლოებით 4 500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. ასევე, ჩატარდა შესაძლო კერების ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, დღეიდან სპეციალური რეჟიმი ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იქ იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე.
როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ასევე სოფელ ხიდისყურში ჩატარებული იყო მნიშვნელოვანი ღონისძიებები. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი, მაქსიმალურად არის შემოწმებული ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე ამ გეოგრაფიულ პუნქტების და ყველაფრის ანალიზმა მოგვცა ამ გადაწყვეტილების საშუალება. ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ საკოორდინაციო საბჭოზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.