ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან გვიან ღამით ხანძრის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა, თუმცა მასშტაბები არ გაზრდილა, – ამის შესახებ პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
„დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული. მალე ვერტმფრენი ჩაერთვება. ღამის განმავლობაში რამდენიმე მცირე კერა გაჩნდა, მაგრამ სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხერხდება ლიკვიდაცია. ხანძარი დაახლოებით ორ ჰექტარზეა“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ლენტეხის ტყეში ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. სტიქიის შედეგად ორ ჰექტარზე მეტი ტყის მასივი განადგურდა. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ადგილზე ცოცხალი ძალა და ვერტმფრენი მუშაობდა, რის შედეგადაც გუშინ ცეცხლის ნაწილობრივ ლოკალიზება მოხერხდა.