ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გრძელდება
ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გრძელდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოს ტყეში ვითარება უცვლელია. ამ დროისთვის ხანძარი ნაწილობრივაა ლოკალიზებული, ადგილზე კი მუშაობას 120 მეხანძრე მაშველი განაგრძობს. ამის შესახებ “პირველ არხს” ლენტეხის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, რომელიც ვითარების გასაცნობად ადგილზე დღეს დილით მივიდა.

ლიპარტელიანი ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად იქ არსებულ რთულ რელიეფურ მდგომარეობას ასახელებს. რაც შეეხება ხანძრის გავრცელების საშიშროებას, ლენტეხის მერი გამორიცხავს, რომ ხანძარმა ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას.

“ისევ ის მდგომარეობაა, რა მდგომარეობაც იყო. 120 მეხანძრე რჩება, ტექნიკა მანდ არის, ვერტმფრენმა გუშინ იმუშავა. ალბათ დღესაც გააგრძელებს მუშაობას. კერების რაოდენობა არ შეცვლილა. რაც იყო გუშინ, ის სიტუაციაა. კლდეზეა ხანძარი გაჩენილი და ცოტა მისვლა შეუძლებელია. გუშინ ვერ მოხდა ლოკალიზება მთლიანად ამ ადგილის, რთული რელიეფის გამო. გავრცელების საშიშროება არ არსებობს, ისეთი ტერიტორიაა, რომ მოსახლეობამდე ვერ მივა,”– განაცხადა ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა.

ლენტეხის ტყეში ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. სტიქიის შედეგად ორ ჰექტარზე მეტი ტყის მასივი განადგურდა. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ადგილზე ცოცხალი ძალა და ვერტმფრენი მუშაობდა, რის შედეგადაც გუშინ ცეცხლის ნაწილობრივ ლოკალიზება მოხერხდა.