ლენტეხის მუნიციპალიტეტში მუაშის მეგალითური ნაგებობის არქეოლოგიური კვლევა დაიწყო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში მდებარე მუაშის მეგალითური ნაგებობის არქეოლოგიური კვლევა დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე არქეოლოგთა ჯგუფი იკვლევს შუა საუკუნეების მეგალითურ ნაგებობას, რომელიც მთლიანად მიწითა და ქვაყრილით იყო ამოვსებული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ არქეოლოგიურ სამუშაოებს უძღვება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ა(ა)იპ „ახალგაზრდა მისიმიელთა ლეგიონი“, პროფესორ ზვიად კვიციანის ხელმძღვანელობით.
„მეგალითური ნაგებობა, რომელიც შესაძლოა, საკულტო დანიშნულების ყოფილიყო, მდებარეობს შემაღლებულ გორაზე. შემორჩენილი საძირკვლის ნაშთების სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრია. ამ ეტაპზე მასზე არავითარი წერილობითი წყარო არ მოიპოვება. როგორც ჩანს, ნაგებობა ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის დროს უკვე დანგრეული იყო, ვინაიდან ექვთიმე თაყაიშვილი თავის ნაშრომში „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმსა და სვანეთში“ (1910 წელი, პარიზი, 1938) სასაშის თემის ყველა შემორჩენილ ტაძარსა და მასში არსებულ სიწმინდეებს აღწერს, გარდა ამ უკანასკნელისა.
მიმდინარე ეტაპზე არქეოლოგთა ჯგუფი იკვლევს შუა საუკუნეების მეგალითურ ნაგებობას, რომელიც მთლიანად მიწითა და ქვაყრილით იყო ამოვსებული. ადგილზე მიმდინარეობს აქტიური არქეოლოგიური სამუშაოები: დაიწყო ნაგებობის როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრის გაწმენდა ქვაყრილისგან. გასუფთავდა ნაგებობის სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს გარე პერიმეტრის კედლები, რომელთა სისქე 180 სანტიმეტრია. არქეოლოგების მიერ პირველადი დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა ჩრდილოეთის კედლის დაზიანება.
სვანეთი საქართველოს განსაკუთრებული კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და კულტურული მემკვიდრეობით. მან საუკეთესოდ შემოინახა ისტორიულ-კულტურული ძეგლები. სვანეთმა, დიდი ხანია, მიიპყრო მკვლევართა ყურადღება და დღესაც მდიდარ მასალას იძლევა სხვადასხვა დარგის მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის. თუმცა დღეს სვანეთში მდიდარი მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ნაწილი კვლავაც შეუსწავლელია და აღნიშნული ძეგლების კვლევა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი იქნება სვანეთის ადრეული შუა საუკუნეების შესწავლის თვალსაზრისით“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.