ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი მცირეწლოვანია, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია
საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, ლენტეხის მუნიციპალიტტეში 4000 მოქალაქე იზოლაციაში მოექცა. მოქალაქეებს ცაგერში, მურის ხიდთან მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან არ ატარებენ.
ეს ის წერტილია, საიდანაც ლენტეხის მუნიცპალიტეტი იწყება.
მუნიციპალიტეტში დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან, ერთი მცირეწლოვანია.
ოთხივე ინფიცირებული ამ დროისთვის საკუთარ სახლებში იმყოფება, თუმცა რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ოთხივეს ღამის საათებში სამკურნალოდ დედაქალაქში გადაიყვანენ.
ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტში 50-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა გრძელდება.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამოცხადდა სრული კარანტინი, პანიკა არ არის მოსახლეობაში, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით ხვდება საზოგადოება ამ გამოწვევას. ადგილზე მუშაობენ ოჯახის ექიმები, დაავადებათა კონტროლის თანამშრომლები. დადგინდა თუ არა ცხელების ცენტრში ვირუსი, მყისიერად ჩაერთვნენ დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები, დაიწყეს კავშირების დადგენა. დღეის მდგომარეობით, დადგენილაი 50-მდე კავშირი.
როცა გაჟღერდა ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევის შესახებ, აქაც ძალიან ოპერატიულად გაგრძელდა მუშაობა. ყველა მათგანი მკაცრ იზოლაციაშია გადაყვანილი. თითოეული პიროვნება კონტროლდება, ვინც პირველადი და მეორეული შეხებით იყო დაკავშირებული ამ პიროვნებებთან. მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიმპტომები არ იყო მკვეთრად გამოვლენილი“ , – განაცხადა არჩილ ჯაფარიძე.
ამასთან, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, პროდუქტების მომარაგების კუთხით, პრობლემა მუნიციპალიტეტში არ შეიქმნება და აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომაზე იმსჯელეს.
ამ დროისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.