„ლელოში“ აცხადებენ, რომ, ალტერნატიული ცენტრის შექმნის მიზნით, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოების სახეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს
„ლელოში“ აცხადებენ, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა შეიქმნას ალტერნატიული ცენტრი, რომელიც პოლიტიკაში დააბრუნებს იმ ადამიანების ხმებს, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ სურთ.
როგორც პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოების სახეებთან და კულტურის წარმომადგენლებთან.
მისივე თქმით, ყალბი ერთობები არასდროსაა ეფექტური.
„მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ, ნაცვლად ორი პოლუსისა, გაჩნდეს მრავალი პოლუსი, სადაც შესაძლებლობა იქნება, ისაუბრო ალტერნატივებზე, განსხვავებულ იდეებზე და ყველა ერთ ჯამში არ ჩაყაროს ხოლმე ხელისუფლებამ, რასაც ხშირად წარმატებულად იყენებს. ნაბიჯი უნდა იყოს ალტერნატიული ცენტრის შექმნა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დააბრუნებს იმ ადამიანების ხმებს, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ სურთ. რიგი კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენ ვცდილობთ, ერთობები დავაფუძნოთ შინაარსს, იდეას, საერთო მიზანს, და არა – რამდენი მანდატი შეიძლება, ვიღაცამ წაიღოს. ყალბი ერთობები არასდროსაა ეფექტური. კონსულტაციები მიმდინარეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, საზოგადოების სახეებთან, კულტურის წარმომადგენლებთანაც კი და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ინდივიდებთან“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.