„ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის  წარმომადგენელმა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე მოსყიდვაში დაადანაშაულა, საკრებულოᲨი ბრალდებას უარყოფენ
„ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე მოსყიდვაში დაადანაშაულა, საკრებულოᲨი ბრალდებას უარყოფენ

პარტია „ლელოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ირაკლი მატუამ „ქართული ოცნების“ წევრი, ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია ზეწოლასა და მოსყიდვაში დაადანაშაულა.

ირაკლი მატუას თქმით, ოთარ ქადარიამ მას პარტიის ხმაურით დატოვებისა და ქალაქიდან წასვლის სანაცვლოდ 600 ლარი გადაუხადა.

ირაკლი მატუას მტკიცებით, მას ბილეთი უყიდეს და თბილისის მიმართულებით ავტობუსში ჩასვეს. ირაკლი მატუა აცხადებს, რომ მისი „ფეისბუქის“ გვერდი დაბლოკილია და მისი სახელით სტატუსები იწერება.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ მომხდარზე პარტია ხვალ სარჩელს შეიტანს.

„ჩემ მიმართ იყო მუქარები, დამირეკა ოთიკო ქადარიამ, მთხოვა შეხვედრა. შევხვდი. მისი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ პარტია უნდა დამეტოვებინა არა ჩუმად, არამედ ხმამაღლა, ისე, რომ პარტიას შელახვოდა სახელი და „ლელო“ გამოჩენილიყო როგორც არაფრისმაქნისი. ადგილი ჰქონდა მოსყიდვასა და მუქარას. იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი. ამის შემდეგ მიყიდეს ბილეთი და ჩავჯექი ავტობუსში. იქაც გადამამოწმეს. როცა მივხვდი, რომ გავცდი ზუგდიდს, დავურეკე მეგობრებს, რათა უკან დავებრუნებინე.

ოთიკო ქადარიამ გადმომცა 600 ლარი, რომელიც შენახულია. საღამოს რა პოსტიც დაიწერა, იმის სანაცვლოდ იყო ეს. აიპიში მუშაობაც შემომთავაზეს, რაზეც უარი ვუთხარი“, – აცხადებს ირაკლი მატუა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია „ლელოს“ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მოსყიდვისა და დაშინების მეთოდები მათთვის უცხოა.

„ეს მეთოდები ჩვენთვის უცხოა და წინა ხელისფულებას გავატანეთ. მიუხედავად კრიტიკული განწყობისა, ჩვენგან ყოველთვის დაცული იქნება ყველას უფლებები. მშვიდად იყოს ყველა, არავის მივცემთ უფლებას, პოლიტიკური ბატალიები გადავიდეს კანონის ფარგლებიდან. ობიექტურად იქნება გამოძიებული ყველაფერი. არც საკრებულოში და არც პარტიაში არავის აქვს სურვილი, მოსყიდვა ან ზეწოლა განახორციელოს, ვატარებთ მშვიდ საარჩევნო კამპანიას, გეგმებზე ვართ ორიენტირებული და ნამდვილად არ შედის ეს ჩვენს გეგმებში.
გაასაჯაროვონ ნივთმტკიცებები. გაყალბებასა და ფაბრიკაციაში ვერავის გავეჯიბრებით და თუ მიმართავენ სამართალდამცავებს, ისინი გაერკვევიან, ავთენტურია თუ არა ეს მტკიცებულებები“, – აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია.