„ლელოს“ წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ
„ლელოს“ წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ

პარტია „ლელოს“  წევრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი იმყოფებოდნენ.

პარტიის წევრების თქმით, საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირში გაწევრიანება და ამ კუთხით საქართველოს პერსპექტივა.

„საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, ვიყოთ იმ ოჯახის ნაწილი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. სამწუხაროდ, ჩვენ ისტორიის მანძილზე ბევრჯერ გავუშვით შესაძლებლობები, რომ ქვეყანა უფრო მძლავრად და წინ წაგვეყვანა. ჩვენი საუბრის თემა ეხებოდა სწორედ ამ შანსის არგაშვებას და იმას, რა არის საჭირო, რომ საზოგადოებამ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ პრეზიდენტის გარშემო, მასთან ერთად გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას გამოიწვევს.

უკრაინაზეც ვიცით პრეზიდენტის პოზიცია. თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, ქართულმა საზოგადოებამაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერა, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით. ახლა როგორც არასდროს, უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა, უკრაინის გამარჯვება არის საქართველოს გამრჯვება, მათი თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაა, აქ უნდა ვიყოთ ყველა ერთიანი, რამეთუ მიუღებელია პოზიცია, თითქოს ეს საკითხი ვიღაცას არ ეხება, რასაც ხშირად ვხედავთ ჩვენ „ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, რომლებმაც თურმე არ იციან, ვინ დაიწყო ომი და ა.შ. შესაბამისად, ამ თემაზეც გვაქვს ერთიანი პოზიცია და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმ ფორმატზე, რა ფორმატითაც ჩვენ არასამთავრობოებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შევქმნით პროცესს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის შეფასებით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ არანაირი ევროკავშირში წევრობა არ იქნება, თუ ქვეყანა არ გაატარებს სერიოზულ რეფორმებს.

„ასეთი რეფორმები „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო შარლ მიშელის დოკუმენტის სახით. შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნების გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ რაიმე დაიძრას. ბუნებრივია, ახლა მთელი ევროკავშირის ყურადღება არის კონცენტრირებული უკრაინის პრობლემებზე, მაგრამ ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, როგორ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა შეუერთდეს იმ რეფორმებს, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.