„ლელოს“ წევრები აცხადებენ, რომ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდიან
ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, ეს ყველაფერი კომიკური ხდება, არც ერთი რეგულაცია არ ზღუდავს ჩვენი პოლიტიკური მანიფესტაციის უფლებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დათუნიშვილმა განაცხადა, რაც ხდებოდა, არის დაუმორჩილებლობის აქტი, იგივე პოლიტიკური მანიფესტაცია და ამის გამო დაჯარიმება არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
„აბსურდულობის ახალ საფეხურზე ავიდა ის, რომ დააჯარიმეს ადამიანები, რომლებსაც საშვი ჰქონდათ. ჩვენი კოლეგა პაატა ცივაძე ადამიანებს ეხმარებიდა, მოსულიყვნენ ჩვენი მიკროავტობუსით, საშვიან ადამიანსაც დაურეკეს და დააჯარიმეს კომენდანტის საათის გამო. არც ერთი წუთი არ ვაპირებთ, ამ ამბავს შევეგუოთ და ეს პოლიტიკური მუხტი გაგრძელდება. საზოგადოებრივი ინტერესია, რომ გაიხსნას ქვეყანა და ეს აბსურდული კომენდანტის საათი მოიხსნას. ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე არ დაიხევენ უკან და უგუნურ კომენდანტის საათს არ გააუქმებენ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ამასთან, როგორც „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ აღნიშნა, უკვე მერამდენე დღეა, „საცირკო წარმოდგენა იმართება, სადაც ადამიანებს თავისუფლებისთვის და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებისთვის აჯარიმებენ“.
„ჯარიმდებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც აქციაზე არ იყვნენ. ეს შენობაც და ამ შენობაში განთავსებული მენეჯმენტიც საცირკო წარმოდგენის ნაწილად გადაიქცა. ჩვენ გვიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, ფუნდამენტურ პოლიტიკურ უფლებებს და ვაპროტესტებთ, რომ ქვეყანა მიექანება უფსკრულისაკენ, არ ვაპირებთ ამას მშვიდად შევეგუოთ. ვითხოვთ, ეს აბსურდული კომენდანტის საათი აუცილებლად გაუქმდეს. ამ მოთხოვნის გამო, ოთხი ადამიანი ჩვენი პარტიიდან დააჯარიმეს, მაგრამ ყველაზე პრობლემურია ის, რომ დააჯარიმეს მშრომელი ადამიანები, რომლებიც სამსახურში ვერ დადიან. შსს სამარცხვინო მეთოდებით ებრძვის საკუთარ ხალხს. „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებში არც ერთი წუთით არ უგრძვნიათ როგორია ეს პანდემია და როგორი დამანგრეველი ეფექტი აქვს ამას თითოეულ ჩვენგანზე. ეს იყო პოლიტიკური შინაარსის მანიფესტაცია და გამოხატვის თავისუფლების ამ ფორმით შეზღუდვის უფლება არა აქვს არავის და ამიტომაც არის ეს ჯარიმა აბსურდული, ამიტომაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პანიკაში მყოფი „ქართული ოცნების“ სიცოცხლე გაახანგრძლივოს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო, „ლელოსა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები საპატრულო დეპარტამენტში იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე, 51 პირის იდენტიფიცირება მოახდინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, იდენტიფიცირებულთაგან რვა პირი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდა. მათივე ინფორმაციით, 24 პირზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.