„ლელოს“ წარმომადგენელი გიგლა მიქაუტაძე ბიზნესმენებს მოუწოდებს, მთავრობას არ შეხვდნენ, ვიდრე მმართველი პარტია დაპირებას არ შეასრულებს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი გიგლა მიქაუტაძე ბიზნესმენებს მოუწოდებს, მთავრობის წევრებს არ შეხვდნენ.
მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ სანამ მმართველი პარტია არ შეასრულებს მიცემულ პირობას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ბიზნესი არ უნდა გახდეს იმ დიდი სპექტაკლის მონაწილე, რომელსაც ბიზნესისა და მთავრობის დიალოგი ჰქვია.
გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ხელისუფლება ატყუებს საკუთარ ხალხს, ხელოვნურად ქმნის პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის წინაპირობებს, ამით კი ზიანს აყენებს თითოეულ მეწარმეს, რომელსაც ბიზნესის კეთებისთვის მშვიდი გარემო სჭირდება.
,,ერთადერთი ძალა, ვინც პასუხს აგებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, არის „ქართული ოცნება“. ხელისუფლება ატყუებს საკუთარ ხალხს და ხელოვნურად ქმნის პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის წინაპირობებს. ამით ზიანს აყენებს თითოეულ მეწარმეს, რომელსაც მშვიდი გარემო სჭირდება ბიზნესის კეთებისთვის. შეურაცხყოფილი ხალხი თავისუფალ საზოგადოებაში, ბუნებრივია, მწვავედ რეაგირებს ტყუილსა და პირობის დარღვევაზე. მაშინ, როცა დაკარგულია ნდობა ხელისუფლების მიმართ, შეუძლებელია განსხვავებული განწყობა სუფევდეს ბიზნესწრეებში. შეუძლებელია, ბიზნესი ენდოს მთავრობას, რომელიც ანგარიშს არ უწევს საკუთარ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას. შეუძლებელია, იფიქრო ბიზნესის გაფართოებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, თუ არ გაქვს ელემენტარული გარანტია, რომ გექნება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრისა თუ შსს-დან გადმობარგებული ბიზნესომბუდსმენის შეხვედრები ცალკეულ ბიზნესმენებთან არის სრული ფიქცია და ემსახურება ერთადერთ მიზანს – გამიჯნოს ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოებისგან. სანამ არ აღდგება სტატუს-კვო და მმართველი პარტია არ შეასრულებს მიცემულ პირობას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ბიზნესმენებს ვურჩევ, ნუ მოიტყუებენ თავს და ნუ შეხვდებიან მთავრობის წევრებს. ნუ გახდებიან, ნებსით თუ უნებლიედ, იმ დიდი სპექტაკლის მონაწილეები, რომელსაც ბიზნესისა და მთავრობის დიალოგი ჰქვია’’ – განაცხადა ,,ლელოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.