პარტია „ლელოს“ სამედიცინო ჯგუფი უკრაინაში გაემგზავრა. მისიაში ცხრა სხვადასხვა პროფილის ექიმია ჩართული.
„ლელოში“ აცხადებენ, რომ მისია ოფიციალურია და ის სრულად კოორდინირებულია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან.
როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში რვა დღის განმავლობაში დაეხმარებიან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და დაჭრილებს.
„მივემგზავრებით ივანოვ-ფრანკოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში. მივდივართ ცხრა ექიმი. ერთი ქართველი ექიმი, რომელიც გერმანიაში მუშაობს, კრაკოვში შემოგვიერთდება. ოთხი კვირაა, ვემზადებით წასვლისთვის, გავარკვიეთ, რა სჭირდებათ, რომელი მედიკამენტები, რა სახის აპარატურა. შევიძინეთ ეს აპარატურა. სპეციალისტები, რომლებიც სჭირდებათ. ამ ქალაქში არიან დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებული პირები და დაჭრილები. მივდივართ რვა დღით და მიგვაქვს ზუსტად ის, რაც ამ ხალხს სჭირდება“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ.
მისიის წევრებს შორის არიან მოქმედი და ყოფილი მედიკოსები, სამხედრო ექიმები. მათ შორისაა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
„წინასწარ ძნელია თქმა, თუ რა პრობლემები დაგვხვდება ადგილზე. ვართ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. შედარებით სიწყნარეა უკრაინის სამხრეთში და ბევრი ლტოლვილია, არის ბევრი დაჭრილი. ჩვენ ქალაქის საავადმყოფოში მივემგზავრებით. გვქონდა კონტაქტი კლინიკის დირექტორთან, ქალაქის მერთან. მიგვაქვს პირველადი დახმარება, ჰუმანიტარული ტვირთი“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.