„ლელოს“ ლიდერები ბრიუსელში გაემგზავრნენ
„ლელოს“ ლიდერები ბრიუსელში გაემგზავრნენ

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია ბრიუსელში გაემგზავრნენ.

„ლელოს“ ლიდერების განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ისინი ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას გამართავენ.

„ბევრი შეხვედრა გვაქვს დანიშნული ევროპარლამენტის იმ წევრებთან, რომლებიც კარგად იცნობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით მედიაციის პროცესის დასრულების შემდგომ, თვითონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და მონიტორინგი იყოს ძალიან ზედმიწევნით ევროპარლამენტის წევრების მხრიდან. აუცილებელია ასევე მათთან ერთად განვიხილოთ შემდგომი თანამშრომლობა საქართველოს და ევროკავშირს შორის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უკვე დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რათა ქვეყანამ რეალურად დაიწყოს ევროკავშირთან უფრო პროდუქტიული თანამშრომლობა და ჩვენ მართლაც შევასრულოთ პარტნიორის როლი ევროკავშირისათვის. ამავდროულად არის დანიშნული შეხვედრები ევროკომისიაშიც“, – განუცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ვიზიტი ორდღიანი იქნება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ ბრიუსელში ვიზიტი დიდი ხანია, დაგეგმილია.

„გვექნება ძალიან ბევრი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან. განვიხილავთ არა მარტო მიმდინარე საკითხებს, არამედ გეგმებს, რომლებიც „ლელოს“ აქვს. ახალშექმნილი პარტია ვართ, სულ რაღაც ერთი წლის და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური კურსი და პირადი კონტაქტები. აქამდე გვინდოდა წასვლა, მაგრამ კოვიდის გამო შეზღუდულები ვიყავით. პირადად ჩასვლა და სტრატეგიული გეგმების პირადად შეჯერება რომელიც „ლელოს“ ქვეყნის აღორძინებისა და უამრავი პრობლემის მიმართულებით აქვს, სწორედ ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. ისე დაემთხვა ჩვენი ვიზიტი, რომ პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი დამთავრდა დღეს და ბუნებრივია, ამ საკითხზე გვექნება საუბარი, რადგან საკმაოდ დელიკატური სიტუაციაა შექმნილი. ბოიკოტმა საკმაოდ სერიოზული შედეგი დადო, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მდგომარეობიდან. ამის ღრმად მწამს, მარტივი არ იქნება, სერიოზული იქნება, კიდე საბრძოლი იქნება, რომ ეს კანონები გავიტანოთ, მაგრამ ძალიან დიდ იმედს მაძლევს შეერთებული შტატების და მიშელის ჩართულობა, რომ ყველა ის შეთანხმება რომელსაც ხელი მოვაწერეთ, იქნება ასრულებული იმ ვადებში, რაც არის ხელშეკრულებაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.