„ლელოს“ ინიციატივა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება
„ლელოს“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, სავიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზოგადი წესისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზის (C1 და C2 კატეგორიის) აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ სასაზღვრო პუნქტში, ინსპექტირების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო შეზღუდვებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებიც, მართალია ფლობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, მაგრამ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა და გავიდნენ მოქალაქეობიდან ან დაკარგეს იგი (გარდა იმ პირებისა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო, პოლიციისა და უშიშროების სამსახურში შესვლის გამო ან ვისაც საქართველოს მოქალაქეობა მოპოვებული ჰქონდა ყალბი საბუთების საფუძველზე).
ამასთან, კანონპროექტით არსებობს მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოსვლამდე წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
„ეს დანაწესი მნიშვნელოვანი ფილტრი იქნება ისეთი ადამიანების საქართველოში შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რომელთათვისაც პრობლემას წარმოადგენს თავისი ქვეყნის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი, აგრესორი სახელმწიფოს აღიარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის გამოხატვა. საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება პირს, რომლის კუთვნილ ნივთებზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე გამოსახულია არასამშვიდობო სიმბოლიკა. „არასამშვიდობო სიმბოლიკის“ ლეგალური დეფინიცია თავად პროექტშივეა მოცემული და გულისხმობს ისეთ სიმბოლიკას, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ და/ან ფაშისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს ამ ტოტალიტარულ რეჟიმს; აგრეთვე სიმბოლიკას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წელს უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან და გამოხატავს ამ აგრესიას. ამ უკანასკნელში იგულისხმება რუსული აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ისა და V-ს გრაფიკული გამოსახვა“, – აღნიშნულია კანონპროექტში.