„ლელოს“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ მოსახლეობას პარტიის 12 ქალი წევრი წარუდგინა
„ლელო საქართველოსთვის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ გლდანის რაიონის მოსახლეობას „ლელოს“ 12 ქალი წევრი წარუდგინა.
როგორც „ლელო საქართველოსთვის“ გლდანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, „ლელო საქართველოსთვის“ პრიორიტეტია მეტი ქალი პოლიტიკაში. პარტიის წევრებმა მოსახლეობას ასევე საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს.
„ჩვენ დღეს სიამაყით წარვადგინეთ, სიმბოლურად, 12 ჩვენი აქტიური გლდანელი წევრი და გავაცანით საზოგადოებას. ჩვენს რიგებში არის ათასობით ქალი, რომელიც მზად არის, იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და გვინდა, საზოგადოებას მივცეთ მაგალითი, რომ პოლიტიკაში და არამხოლოდ პოლიტიკაში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ქალი. ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, რომ საქართველო ბოლო ადგილებზეა ქალების რაოდენობით პარლამენტში, ბიზნესში. ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ ქალებს უნდა მივცეთ მეტი ასპარეზი არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ბიზნესში, რადგან ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სიამაყეები“, – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.