„ლელოს“ ფრაქცია შესაძლოა, მეორედ დაიშალოს, ხოლო პარტიას დაფინანსება შეუწყდეს
ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ შესაძლოა, დაიშალოს. ამის მიზეზია რეგლამენტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ფრაქციაში შვიდი წევრი უნდა იყოს. ბადრი ჯაფარიძე ფრაქციის ხელმძღვანელი და ფრაქციის მეშვიდე წევრი იყო.
იმ შემთხვევაში, თუ ფრაქცია ბადრი ჯაფარიძეს არ ჩაანაცვლებს, დღის წესრიგში ფრაქციის დაშლის საკითხი დადგება. მეათე მოწვევის პარლამენტში „ლელოს“ ფრაქცია ერთხელ უკვე მაშინ დაიშალა, როცა მანდატზე უარი მამუკა ხაზარაძემ თქვა.
ფრაქციაში მამუკა ხაზარაძის ნაცვლად დილარ ხაბულიანი შევიდა, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან მოხვდა.
რაც შეეხება პარტიას, პირველ თებერვალს ძალაში შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებით, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, ხოლო მათ ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია.
მოქმედი ნორმით, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან უნდა შეუწყდეს.
პარლამენტმა დღეს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.