„ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ბადრი ჯაფარიძე წარადგინა
„ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ბადრი ჯაფარიძე წარადგინა

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თბლისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანა ბიბილაშვილი არის პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები სხვანაირად იქნას გააზრებული.

„30 წლის განმავლობაში ჩემს თანაგუნდელებთან, ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი ათეულობით კომპანია, ათეულობით წარმატებული ადამიანი გავაერთიანეთ, რომლებიც დღეს საერთაშორისო დონის პროფესიონალები არიან, შევქმენით ათასობით სამუშაო ადგილი, ეს იმის ხარჯზე, რომ ყოველთვის ვეძებდით ადამიანებს, რომლებიც არიან ახალი სახეები და იციან თავიანთი საქმე, რამეთუ ყველაზე დიდი პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი. სწორედ დღეს, ანალოგიურს აკეთებს პოლიტიკური პარტია „ლელო“. „ლელო“ შეიქმნა, რათა მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ სახეებს და არა მარტო ახალგაზრდებს, ახალ სახეებს და პროფესიონალებს, რადგან ამ ქალაქს, ამ ქვეყანას სჭირდება მიზანი, გადატვირთვა, ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება ჩვენ. სწორედ ამ განწყობით გვინდა, შემოგთავაზოთ ადამიანი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში – ანა ბიბილაშვილი. ანა, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, არის ჩვენი თანამებრძოლი, „ლელოს“ დამფუძნებელი, არის მოწოდებული იმისკენ, რომ ქალაქის პრობლემები იქნას აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მხარი დაუჭირეთ „ლელოს“, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, რადგან დღეს გვამოძრავებს საერთო მიზანი – ბრძოლა. ბრძოლა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ კი არა, შიმშილის, სიღატაკის, უმუშევრობის, რაც ყველაზე მთავარია, ნიჰილიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, „ლელომ“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.

„მინდა, ასევე წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიული სიის, საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ამ ადამიანს წარდგენა არ სჭირდება. იგი არის ჩემი თანამებრძოლი, ჩემი მეგობარი ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ვიბრძოლებთ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.