„ლელო“ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს
„ლელო“ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს

„ლელო“ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს. მსგავსი მოთხოვნით „ლელომ“ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ 2020 წლიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის მართვის მოტივით, მთავრობა გადაწყვეტილებებს არაკონსტიტუციურად იღებს და სამწუხაროდ, პარლამენტმა უარი განაცხადა მისთვის კონსტიტუციით დადგენილი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციის განხორციელებაზე – საპარლამენტო კონტროლზე და გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების უფლება მთავრობას გადასცა.

„ორ წელზე მეტია, პანდემიის მართვასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღება არაკონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად. დღემდე დაუდგენელია, რის საფუძველზე მოქმედებს ე.წ. საკოორდინაციო საბჭო და რა დასაბუთებით ხდება შეზღუდვების დაწესება თუ მოხსნა. საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმი, სამწუხაროდ, ფუჭია და ის ვერ ხორციელდება“, – აღნიშნულია პროექტში.

აღნიშნული კანონი პარლამენტმა პანდემიასთან დაკავშირებით მიიღო და მთავრობას კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება მისცა. კანონის მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა.