„ლელო საქართველოსთვის“ - ყველა ჰესი უმაღლესი სტანდარტებით უნდა აშენდეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა მათი თანამესაკუთრე უნდა გახდეს
„ლელო საქართველოსთვის“ - ყველა ჰესი უმაღლესი სტანდარტებით უნდა აშენდეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა მათი თანამესაკუთრე უნდა გახდეს

„ლელო საქართველოსთვის“ სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო პროტესტს, რომელიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას უკავშირდება, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ჰესი უმაღლესი სტანდარტებით უნდა აშენდეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა მათი თანამესაკუთრე უნდა გახდეს.

„ლელო“ იყო და არის ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენი ქვეყნის ჰიდრორესურსების გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. თუმცა ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რაც ეფუძნება ნეიტრალური ექსპერტების შეფასებებს. განსაკუთრებით საგულისხმოა მეწყრებისა და მიწის ეროზიის ზრდის რისკები. არსებობს მოსაზრებაც, რომ პროექტი არსებული სახით მნიშვნელოვნად შეცვლის მიკრო-კლიმატს და დააზიანებს უნიკალური ტვიშის ვენახებს, რაც გარდა თავისი უნიკალურობისა, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

აქედან გამომდინარე, „ლელო“ ხელისუფლებისგან მოითხოვს შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა ეს საკითხი არ იქნება განხილული ექსპერტებისა და მოსახლეობის ჩართულობით და არ იქნება მიღწეული კონსენსუსი. მანამდე კი, საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მოამზადოს საერთაშორისო, ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელიც მოახდენს ყველა შესაძლო რისკის იდენტიფიცირებას და რასაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, ინვესტორმა მოსახლეობას შესთავაზოს არამხოლოდ ერთჯერად კომპენსაციები, არამედ დაარწმუნოს იმაში, რომ გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა. „ლელოს” ინიციატივით, ახალი ჰიდროელექტროსადგურების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მცხოვრებლებიც უნდა გახდნენ და მიიღონ გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი, პირადი ქონების დათმობის სანაცვლოდ“,- აღნიშნულია განცხადებაში.