„ლელო საქართველოსთვის“ ოფისთან „ქართული მარშის“ წევრები აქციას მართავენ
„ლელო საქართველოსთვის“ ოფისთან „ქართული მარშის“ წევრები აქციას მართავენ

თბილისში, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისთან „ქართული მარშის“ ახალგაზრდული კავშირის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, „მევახშეთა პარტია, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვითაა დაკავებული, არჩევნებიდან უნდა მოიხსნას“.

„მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ხაზარაძისნაირი მევახშეები არ იყვნენ ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს პარლამენტში. ამ ადამიანებმა და მისმა ბანკმა მარტო 2019 წელს 78 მილიონი ლარის მოძრავი და უძრავი ქონება წაართვეს ადამიანებს. მე მაინტერესებს, რატომ უნდა იყვნენ ეს ადამიანები საქართველოს ხელისუფლების რომელიმე შტოში. მე ვიცნობ ბავშვებს, რომლებიც „ლელოში“ დარბიან ორი კაპიკი ხელფასის გამო და მათ მშობლებს „თიბისი ბანკმა“ სახლი წაართვა.

ჩვენ მოვითხოვთ, ცესკო-მ აუკრძალოს ხაზარაძისნაირ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობა. ის არის ანტიეროვნული ადამიანი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ქართული მარშის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი გაბედავამ.

აქციას გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე.

„ეს აქცია არის უტყუარი დადასტურება იმის, რომ „ლელო საქართველოსთვის“ არის ფაქტობრივად ის ძალა, რომელიც ძალიან მალე შეცვლის ხელისუფლებას. ეს არის ძალა, რომელიც მოსახლეობას ამოიყვანს ეკონომიკური გაჭირვებიდან. მსგავსი ტიპის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ გადაიფაროს ჩვენი პარტიის ის წინგადადგმული ნაბიჯები, ის სიახლე, რომელიც პოლიტიკაში შემოვიდა.

დიდი მადლობა აქციის მონაწილეებს აქ მობრძანებისთვის. მადლობას ვუხდი, რომ  სწორედ აქ მოვიდნენ, რადგან ცვლილებები დაიწყება სწორედ ამ ოლქიდან. ეს ადგილი, სადაც ისინი მოვიდნენ, იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამარჯვებული „ლელოსთან“ ერთად“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.