„ლელო საქართველოსთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე
„ლელო საქართველოსთვის“ გმობს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების, ლუგანსკისა და დონეცკის, ე. წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ. ეს არის უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის (გაერო-ს დამფუძნებელი აქტის, ჰელსინკის აქტის, ბუდაპეშტის მემორანდუმის) და მინსკის შეთანხმების პირდაპირი და აშკარა დარღვევა, – ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ლელოში“ აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება წარმოადგენს მორიგ იერიშს უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
ამასთან, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა დაუყონებლივ შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე.
„ეს გადაწყვეტილება ხელაღებით უარყოფს ეროვნული სუვერენულობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და თვითგამორკვევის უფლებას. დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში იმეორებს აგრესიის იმ სცენარს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა 2008 წელს.
იმედს გამოვთქვავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიან და მტკიცე პასუხს გასცემს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და უკრაინის წინააღმდეგ დაანონსებულ სამხედრო აგრესიას, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისა და უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცების გზით.
„ლელო საქართველოსთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივ შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.