„ლელო საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ ლიდერები საბა ბუაძე და ვატო სურგულაძე ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიმუშაოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის.
„ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო დღეს შემოსავლის გარეშე ტოვებს ექიმებს, ადამიანებს, რომელთა ფასდაუდებელი შრომის შედეგადაც საქართველომ მოახერხა კორონავირუსთან ეფექტური გამკლავება.
საბა ბუაძის განცხადებით, მთავრობის 520-ე დადგენილებით ჯანდაცვის სექტორმა უდიდესი ფინანსური ზარალი მიიღო.
„მთავრობის დადგენილებით მიყენებული ზარალის გარდა, სამედიცინო დაწესებულებებს მძიმედ შეეხო კორონავირუსი. შექმნილი ვითარების გამო, ორი თვით შეჩერდა გეგმური სამედიცინო მომსახურებები და ოპერაციები, რამაც ფინანსურ კრიზისში მყოფი დაწესებულებები დახურვის რისკის ქვეშ დააყენა. იმ ფონზე, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურებისათვის მთავრობას ოთხი თვე სჭირდება, კლინიკების სასარგებლოდ სახელმწიფომ დააგროვა 300 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება. ამის გამო საავადმყოფოები ვერ ახერხებენ ხელფასების გაცემას, სესხების მომსახურებას და სხვა ხარჯების დაფარვას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.