„ლელო” - „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას, ამგვარი გადაწყვეტილება პირდაპირ უარყოფს საქართველოს ღიად დეკლარირებულ საგარეო კურსს
შემაშფოთებელი და ტრაგიკულია, რომ საქართველოს მართავს რევანშისტ და უგუნურ ადამიანთა გუნდი, ვინც დასაშვებად მიიჩნევს ქვეყნის შიდა პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე გადაიტანოს და შიდა პარტიულ-პოლიტიკური დინამიკა სახელმწიფოს საგარეო გადაწყვეტილებებზე ასახოს მისივე საუკეთესო ინტერესების საზიანოდ, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში, რომლითაც ოპოზიციური პარტია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ავრცელებს.
„ლელოს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ კენჭისყრას და შესაბამისად არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას, რაც როგორც პარტიის განცხადებით, პირდაპირ უარყოფს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ღიად დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.
„13 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადების საკითხს. საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ერთხმად გამოაცხადა ტერორისტულ სახელმწიფოდ (მომხრე – 100, თავი შეიკავა – 1).
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ კენჭისყრას და შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხელისუფლების წარმომადგენლების ამგვარი გადაწყვეტილება პირდაპირ უარყოფს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ღიად დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. თუკი აქამდე ხელისუფლება უკრაინა-რუსეთის საკითხზე ოპონენტებს ნიშნისმოგებით პასუხობდა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებით აფიქსირებდა თავის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად, პრორუსულმა რეჟიმმა დღეს უკვე არსებობის ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. პირველად ისტორიაში, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმის ფორმატშიც უარი განაცხადა რუსეთის საკითხზე სწორი და ადეკვატური პოზიციის დაფიქსირებაზე. ამ აქტით, საქართველო დგება ისეთი არადემოკრატიული, პრორუსი რეჟიმების რიგში, როგორიცაა ირანი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ნიკარაგუა.
„ქართული ოცნების“ ამგვარი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ის გარემოებაა, რომ რეზოლუციაში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილება (#4), რომელიც საპარლამენტო ასამბლეის მიერ საბოლოოდ მიღებული იქნა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობაა. შემაშფოთებელი და ტრაგიკულია, რომ საქართველოს მართავს რევანშისტ და უგუნურ ადამიანთა გუნდი, ვინც დასაშვებად მიიჩნევს ქვეყნის შიდა პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე გადაიტანოს და შიდა პარტიულ-პოლიტიკური დინამიკა სახელმწიფოს საგარეო გადაწყვეტილებებზე ასახოს მისივე საუკეთესო ინტერესების საზიანოდ.
ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროსაბჭოს პროცედურების თანახმად, „ქართული ოცნების“ დელეგაციას შეეძლო ხმა არ მიეცა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობის თაობაზე შესული შესწორებისთვის (#4) და, ამის მიუხედავად, პარალელურად მაინც მიეცათ ხმა ცალკე შეტანილი შესწორებისთვის (#7) რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პრორუსულმა „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე შეგნებულად არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ტერორისტული რეჟიმის განაწყენებას გამოიწვევდა.
ეს არის კიდევ ერთი, თუ არა ყველაზე მკაფიო, დასტური, რომ დღეს საქართველოს მართავს კრემლის პოლიტიკურ მიზნებთან და რიტორიკასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პოლიტიკური გუნდი, ვისი მიზანიცაა საქართველოს რუსიფიკაცია, რუსეთის მაამებლური პოლიტიკის წარმოება, უკრაინის საკითხზე დუმილი და უმოქმედობა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასუსტება და მიჩქმალვა.
სრულიად ცხადია, რომ ამ ხელისუფლების მიზანი საქართველოს ავტოკრატიულ ლიგაში გადაყვანაა, ნიკარაგუას და სირიას გვერდით და არა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევნის აღსრულება და დაცვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:
„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.