„ლელო“ - პირველად აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა დასანქცირების მექანიზმი, მივესალმებით აშშ-ის ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას
პირველად აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა დასანქცირების მექანიზმი და სასამართლო კლანის ლიდერები დაასანქცირა, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელო“ ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ლელო“ მიესალმება აშშ-ს ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას.
„აშშ-ის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის და სიგნალი ივანიშვილისთვის, რაც ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში სრულად და საბოლოოდ ამოიწურა ნდობის მანდატი „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი. საქართველოს პარტნიორებმა საკმარისი დრო მისცეს ხელისუფლებას, რომელმაც განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმოება, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა, თავისუფალი მედიის შევიწროება და ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩამოშორება, რაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და ევროინტეგრაციის საბოტაჟს ემსახურებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია აგრეთვე იმისა, რომ „დეოლიგარქიზაცია“ დასავლეთში აღქმულია, როგორც ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ მართული კლანებისგან საქართველოს გათავისუფლება, რისკენაც აშშ-მა ქმედითი ნაბიჯები გადადგა.
„ლელო განაგრძობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას, ქართული დემოკრატიისა და ევროპული პერსპექტივის გაძლიერებისთვის საჭირო ზომების მიღების პროცესში, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების და მტკიცე დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო კლანის დასანქცირების ინიციატივით 2021 წლის გაზაფხულზე სწორედ „ლელო საქართველოსთვის“ გამოვიდა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის დროს“,- აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.