„ლელო“ - პირდაპირ და დაჟინებით მოვითხოვთ სალომე ზურაბიშვილისგან, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი
დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკებია და პოლიტიკურ კანიბალიზმს ჰგავს, – ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ლელო“ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
„მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მორიგ ჯერზე გადადება და მისთვის საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა, ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მისი სიცოცხლისათვის სახიფათო გადაწყვეტილება. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს სიცოცხლის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე.
ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მმართველ გუნდს და პირადად ბიძინა ივანიშვილს – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ მათ. მაშინ, როდესაც ევროპარლამენტი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ნათელია, რომ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ამ ქვეყნის მომავალზე, საქართველოს რეპუტაციასა და საერთაშორისო იმიჯზე. სწორედ ამიტომ, „ლელო“ მრავალი კვირაა, მოუწოდებს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ.
პასუხისმგებლობას ვერ ასცდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილიც. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ასევე საქართველოს პოლიტიკური წრეებიდან, რომლის ავანგარდში პარტია „ლელო“ იდგა, სალომე ზურაბიშვილი არ იყენებს მის ხელში არსებულ ძალაუფლების ბერკეტს, რაც მის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
პარტია „ლელო“, მისი ყველა პოლიტიკური ლიდერის და თითოეული წევრის სახელით, პირდაპირ და დაჟინებით მოითხოვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისგან – შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება, დავუშვათ მეორე პრეზიდენტის მკვლელობის პრეცედენტი. დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკებია და პოლიტიკურ კანიბალიზმს ჰგავს. ასეთი დამღით კი, ქართული საზოგადოება ვეღარასოდეს შეძლებს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად გახდომას და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთისა და ქვეყნის მიმართ!“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.