„ლელო“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ აპირებენ, მოამზადონ კანონპროექტი, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულებისთვის სახელმწიფო დახმარებას ითვალისწინებს
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მუშაობენ ერთობლივ კანონპროექტზე, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულებისთვის სახელმწიფო დახმარების დანიშვნას ითვალისწინებს.
კანონპროექტის დაინიცირებამდე, საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის წევრები დაზარალებულების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრას მართავენ.
„ამნისტიის კანონპროექტთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ ეს ამნისტია შესაძლებლობად იმისთვის, რომ დაზარალებულების უფლებები დაცული იქნას. ამ მიზნით, ჩვენ ვაპირებთ, დავაინიციროთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 19-21 ივნისის მოვლენების დაზარალებულებისთვის არა მხოლოდ მკურნალობის და სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას, არამედ მათთვის შესაბამისი სახელმწიფო დახმარების დანიშვნას. ვიდრე ამ კანონპროექტს პარლამენტში ოფიციალურად წარვადგენთ, გვსურს, დაზარალებულების წარმომადგენლების აზრი მოვისმინოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.