„ლელო“ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის პარლამენტში სამუშაო ჯგუფს ქმნის
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის პარლამენტში სამუშაო ჯგუფს ქმნის.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ლელო“ აპირებს შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები.
მათივე ინფორმაციით, პროცესი ღიაა დარგის ექსპერტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
„საქართველოს აქვს რეალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული გამართულ კაპიტალის ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან სუსტია. შედეგად შეზღუდულია ფინანსებზე წვდომა და არ ვითარდება ბიზნესი. საქართველოს საფონდო ბირჟა კი, რომელიც კაპიტალის ბაზრის ხერხემალია, ვერ ვითარდება და გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკის ზრდაზე. ის ფაქტი, რომ ბირჟაზე ბოლო ორ თვეში არც ერთი გარიგება არ განხორციელებულა, მის მდგომარეობას ნათლად ასახავს.
საქართველოს აქვს რეალური შანსი, გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი ძლიერი საფონდო ბირჟით, რაც ქვეყანაში გააჩენს გრძელვადიან საინვესტიციო ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.