„ლელო“ - მწუხარებას გამოვთქვამთ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას
არავის შევარჩენთ უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკულ გარდაცვალებას, ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო ადამიანების შეწირვას და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობას, – ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც პარტია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.
„ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მოვლენები, რის გაშუქებასაც ლექსო შეეწირა, რუსული სცენარის ნაწილია საქართველოში, რომლის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება და სახელმწიფოს ჩამოშლაა. ამ სცენარს ჰყავს ბრმა შემსრულებლები, მაგრამ სამწუხაროდ ჰყავს დამკვეთები და დამგეგმავები საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.
არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემებზე თამაში ხელისუფლების მორიგი წინასაარჩევნო ავანტიურაა, რასაც კონკრეტული ადამიანები, სახელმწიფოს ინტერესები ეწირება.
მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას. პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა ურთულეს ვითარებაში წამქეზებლის როლი შეასრულა და შსს-მ ვერ ან არ იმოქმედა ძალადობის აღსაკვეთად.
მოვითხოვთ ფაქტზე უსწრაფეს და სამართლიან გამოძიებას, დამოუკიდებელ ექსპერტიზას და გამოძიების დროს მინიმუმ ეს თანამდებობის პირები არ უნდა იყვნენ დაკავებულ პოსტებზე.
არავის შევარჩენთ უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკულ გარდაცვალებას და არ შევარჩენთ ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო ადამიანების შეწირვას და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობას!“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.