„ლელო“ - მოგიწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღეთ ერთადერთი სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, შევთანხმდეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე
მოგიწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღეთ ერთადერთი სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება – შევთანხმდეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, -ამის შესახებ პარტია „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას ანა ნაცვლიშვილმა გააცნო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების რადიკალურმა, დანაშაულებრივმა და არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები. ვითარება შეუქცევადი გახადა, გუშინ ნიკა მელიას და მთელი ოპოზიციის წინააღმდეგ მიტანილმა იერიშმა.
მოგიწოდებთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღეთ ერთადერთი სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება – შევთანხმდეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე!
პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ფართო ჩართულობით უზრუნველვყოთ სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ჯანსაღი პოლიტიკური გარემო.
დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია თქვენი კიდევ უფრო აქტიური და ქმედითი ჩართულობა შექმნილი კრიზისის დასაძლევად.
„ლელო“ დაარსების დღიდან დგამდა და გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად“,- აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.