„ლელო“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს
„ლელო“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მათ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდეს.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება ჯიუტად არ იღებს მიხეილ სააკაშვილის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი 31-ე დღეა შიმშილობს. მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის მკაფიო რეკომენდაციებისა, მიუხედავად ათასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართვისა, მიუხედავად სახალხო დამცველის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა ღიად გაცხადებული პოზიციისა, ხელისუფლება ჯიუტად არ იღებს მიხეილ სააკაშვილის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას. მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს. რაც ახლა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს მართლმსაჯულებასთან და სამართალთან. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ არსებულ რისკებს, როგორც ეს ხდება ასეულობით სხვა პატიმრის შემთხვევაში.

თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს შეფასდება მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობად, რაზეც შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს. გაფრთხილებთ, ჩვენს ქვეყანას სამუდამო დაღად დააჩნდება ისტორიის მოკლე მონაკვეთში უკვე მეორე პრეზიდენტის ტრაგიკული დაღუპვა და ამაზე პოლიტიკური კლასის და საზოგადოების ჩუმი თანხმობა“, – აცხადებენ, „ლელოში“.