„ლელო“ იწყებს კამპანიას – „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები – თავისუფლებისთვის, შენი მომავლისთვის“.
„როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ხალხის ხმა და საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ხმა გავაგონოთ. პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ქვეყნის გადასატვირთად ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები; ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა.
ამომრჩეველთა მინიმუმ ნახევარზე მეტმა ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში და მათი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა, გააყალბა და არაფრად ჩააგდო. ვადამდელ არჩევნებზე გადის ქვეყნის განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლის გზა“, – აცხადებენ „ლელოში“.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ლელოს“ კამპანია „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები“ მიზნად ისახავს, ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება, დღევანდელ მმართველებს დაანახოს იმ ადამიანების მოთხოვნა, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროა.
„ამ კამპანიის ფარგლებში „ლელო“ იმუშავებს მთელი საქართველოს მასშტაბით – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში ჩვენი ქვეყნის პატარა თუ დიდ ქალაქებში, სოფლებში… ჩვენ მივალთ თითოეულ ადამიანამდე და მათ ხმას, სამართლიან მოთხოვნებს გავაგონებთ ყველას.
„ლელო“ იწყებს აქტიურ კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად. ჩვენი მხარდამჭერები, აქტივისტები, პოლიტიკური ლიდერები კარდაკარ მივლენ ამ იდეის მხარდამჭერებთან, შეხვედრებზე საქართველოს რეგიონებსა და თბილისის უბნებში.
ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. პირადი შეხვედრების გარდა, ონლაინპლატფორმის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება.
ჩვენი კარი ღიაა ყველა აქტივისტისთვის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის. ლელო“ იწყებს! შემოგვიერთდით!“, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.