„ლელო“ ინიციატივით გამოდის, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც მათივე განმარტებით, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირებს შეისწავლის
„ლელო“ ინიციატივით გამოდის, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც მათივე განმარტებით, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირებს შეისწავლის

პარტია „ლელო“ ინიციატივით გამოდის, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

„იმ ინფორმაციაში, რომელიც გავიდა ჟურნალისტურ საგამოძიებო სიუჟეტში, ძალიან ნათლად იკვეთება ის ფაქტები, რომლებიც შესაძლოა, შეადგენდეს როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ რადგანაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო სრულად აქვს მიტაცებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და რამდენადაც აღნიშნულ სიუჟეტში გავიდა ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ შეიძლება, ითქვას, რომ ადანაშაულებს მისთვის ყველაზე სანდო კადრს, ჩვენი ქვეყნის დღევანდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში, ჩვენ არ შეიძლება, გვქონდეს იმედი, რომ სახელმწიფო და ის ორგანოები, რომლებსაც ეს ევალებათ, და ის უწყებები წარმართავენ გამოძიებას სიმართლის დადგენის მიზნით. სწორედ ამიტომ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, დღესვე დავიწყოთ კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა სასწრაფოდ შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია.

ამ კომისიის ამოცანა იქნება სიმართლის დადგენა და რეაგირება იმ ფაქტებზე, რაც მოვისმინეთ საგამოძიებო სიუჟეტში. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ვახტანგ გომელაური და სუს-ის სხვა თანამშრომლები შეხვდნენ როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე უმასპინძლეს საქართველოში რუსეთის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს და მათთან თანამშრომლობის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ტვირთების გატარების საქმის მოგვარება, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის დაჩქარებული წესით საქარყველოს მოქალაქეობის მინიჭება და მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში, ასევე რუსეთის რეჟიმისთვის არასაურველი პირების თვალთვალი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა