„ლელო“ ინიციატივით გამოდის, რომ საერთო მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ დებატებში სახელისუფლო პარტიის კანდიდატების მონაწილეობა სავალდებულო იყოს
„ლელო“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, სახელისუფლო პარტიის/ბლოკის კანდიდატებმა საერთო მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა მიიღონ.
მსგავს ვალდებულებასთან დაკავშირებით, ცვლილება „საარჩევნო კოდექსში“ იგეგმება, რომელიც პარლამენტში ინიცირებისთვის დღეს პარტიის წევრებმა – ლევან კობერიძემ და კახა კოჟორიძემ წარადგინეს.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვალდებულება სულ მცირე ერთხელ უნდა შესრულდეს ყველა იმ საერთო მაუწყებლის მიმართ, რომელიც კანდიდატს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევს.
საკანონმდებლო ინიციატივით განისაზღვრება ისიც, რომ კანდიდატის მხრიდან ერთი და იგივე ან სხვა საერთო მაუწყებლის მიწვევაზე ორჯერ უარის თქმა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოიწვევს ამ კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმებას.
კახა კოჟორიძის განცხადებით, სახელისუფლო კანდიდატები დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
„მათ უნდათ მოსახლეობის ხმები, მაგრამ არ სურთ კითხვებზე პასუხების გაცემა. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რაც ცივილურ სამყაროში არ არსებობს. არჩევნები დებატების გარეშე ცივილიზებულ სამყაროში არ არსებობს. ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთოს. დღეს „ქართული ოცნება“ ბილბორდებით გველაპარაკება. გამოფინეს შარვალ-კოსტიუმიანი ფოტოები, შემდეგ ჩამოხსნეს და ფართო ღიმილიანი ფოტოები გამოფინეს. ამომრჩეველმა რის მიხედვით უნდა გააკეთოს არჩევანი, ვინ უფრო სათნოდ გაიღიმება? ეს არის მწარე რეალობა, რისი შეცვლაც გვინდა“, – აცხადებს კოჟორიძე.
შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი მუშაობას ასრულებს, როგორ უნდა მოესწროს ცვლილებების განხილვა, კოჟორიძე პასუხობს, რომ თუ ნება იქნება, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა შესაძლებელია.
„როგორც იურისტი, ვამბობ, რომ ნების შემთხვევაში, ეს კანონპროექტი კანონად იქცევა. ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა ნებაა“, – დასძინა კოჟორიძემ.