პარტია „ლელო“ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიშის შესახებ განცხადებას ავრცელებს
პარტია „ლელო“ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიშის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„პოლიტიზებული მართლმსაჯულების, რომლის ნათელი მაგალითი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეა, პოლიტიკური პატიმრებისა და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არ აქვს.
ევროპარლამენტის ანგარიში „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების“ შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ, ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია.
დოკუმენტის ტექსტი და შესწორებები მიღებულ იქნა სრული პოლიტიკური კონსენსუსით, მას მხარს უჭერს ევროკავშირის ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, „სოციალისტური პარტია“, რომლის წევრიც გახლავთ „ქართული ოცნება“ და სწორედ „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელი – სვენ მიქსერი იყო ზემოაღნიშნულ საკითხზე მთავარი მომხსენებელი.
დოკუმენტი ადგენს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ამის მაგალითია ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული საქმე და ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა.
დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ სამართლებრივი დევნის ერთადერთი მოტივაცია იყო პოლიტიკური, რაც დაადასტურა ევროპარლამენტმა. დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე განმეორდება სტრასბურგის სასამართლოზეც.
ანგარიშმა ცხადყო, რომ როდესაც ევროკავშირი საუბრობს დეოლიგარქიზაციის შესახებ, საუბარი შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გათავისუფლებას ივანიშვილის გავლენისგან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე „ლელოს“ სწორი პოზიცია.
ნიკა გვარამიას, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ დამფუძნებლების საქმეები ანგარიშში ასევე მოხსენიებულია, როგორც მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების გამოყენების ფაქტები. იმედი გვაქვს, რომ ზემოაღნიშნულს პრეზიდენტი გაითვალისწინებს გვარამიას საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენებაზე ჩვენი მიმართვის განხილვისას.
„ლელოს“ პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ასევე გაზიარებულია ევროპარლამენტის ანგარიშში და აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის ავტორი „სოციალისტური პარტია“ „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიაა. ცალსახაა, რომ მსგავსი ფართო პოლიტიკური კონსენსუსის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს.
სისულელეა „ქართული ოცნების“ განაცხადი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშს არ აქვს ზეგავლენა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ევროპარლამენტში წარმოდგენილი პარტიები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას წარმოადგენენ, შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია, რომელიც იკვეთება ევროპარლამენტში, ვერ გადაიხედება. მაგალითად, თუ სოციალისტებს ევროპარლამენტში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, სხვა პოზიციას სოციალისტი პრემიერი ვერ დაიკავებს ევროპულ საბჭოში და იგივე შეეხება ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, რადგან პოლიტიკური კონსენსუსია და გასაგებია, რომ ეს არის სრული ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსაზრება.
საინტერესოა, რა პასუხის გაცემას აპირებს „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკური პარტნიორებისთვის ევროპაში. ეტყვის, თუ არა, მაგალითად, სოციალისტურ პარტიას, რომ მათ პოზიციას და სიტყვას ევროპარლამენტში „ჩალის ფასი აქვს“.
„ლელოს“ სურვილია, საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ როგორც ამ ანგარიშიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი ქვეყნის შანსს. პოლიტიზებული მართლმსაჯულების, პოლიტიკური პატიმრებისა და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.