„ლელო“ მოითხოვს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვას
ქუთაისში 8 აგვისტოს მემორიალთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა და იმერეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ანა ნაცვლიშვილმა, თორნიკე ართქმელაძემ და ანა ბიბილაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.
„ლელოს“ ლიდერებმა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და დაიწყონ „პატრიოტთა ალიანსის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პროცედურა.
„საჩქაროდ დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ შეუწყდეს უფლებამოსილება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ვინაიდან ეს ძალა არის არაკონსტიტუციური ძალა. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს პოლიტიკურ ძალას, რომლის საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, აღვივებს შუღლს სხვადასხვა ჯგუფს შორის და თიშავს საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთისგან, ეს ძალა არის არაკონსტიტუციური. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტის დეპუტატების კონკრეტულ რაოდენობას აქვს ეს უფლებამოსილება. ჩვენ, სამწუხაროდ, ამის უფლებას კანონი არ გვაძლევს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.