ბოიკოტის გამო, „ლელო“ დღეს პარლამენტში დაგეგმილი „თავისუფალი ტრიბუნით“ აღარ ისარგებლებს
პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“, ბოიკოტის გამო, დღეს დაგეგმილი „თავისუფალი ტრიბუნით“ აღარ ისარგებლებს. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ „ლელომ“ ბიუროს 14-16 ივნისის სხდომების ბოიკოტირების შესახებ წერილით მიმართა.
პლენარულ სხდომაზე დღეს „თავისუფალი ტრიბუნით“ ისარგებლებენ „გირჩი“, „რეფორმების ჯგუფი“ და „ქართული ოცნება“.
„იცით, რომ დღეს გვექნება „თავისუფალი ტრიბუნა“. გუშინ მოგვმართა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „ლელომ“, რომ არ გამოიყენებს „თავისუფალ ტრიბუნას“. შესაბამისად, დღეს გვექნება „გირჩის“, „რეფორმების ჯგუფისა“ და „ქართული ოცნების“ „თავისუფალი ტრიბუნა“. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ინფორმაციის სახით: პოლიტიკური ჯგუფის, „ლელოს“ მომართვა 2023 წლის 14-16 ივნისის სხდომებზე არდასწრებისა და, შესაბამისად, 15 ივნისს დაგეგმილი თავისუფალი ტრიბუნით სარგებლობაზე უარის თქმის შესახებ ბოიკოტის წერილია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მომდევნო სასესიო კვირაში კი „თავისუფალი ტრიბუნით“ სარგებლობას „ევროოპტიმისტები“ ითხოვენ.