პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ.
როგორც სამი პოლიტიკური პარტიის გაერთიანების პრეზენტაციაზე „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი, რისთვისაც საჭიროა ერთობა.
„ასეთი ერთობით დავიწყებთ ჩვენს მოღვაწეობას. ყველა ჩვენგანს გვინდა ერთი რამ – ძლიერი საქართველო, ფეხზე დამდგარი, წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, გვინდა ჩვენი შვილებისთვის მშვიდობა, სტაბილური განვითარება, გვინდა ადგილი, სადაც საქართველოს მიეცემა თავისი ძვირფასი ტრადიციების, თავისი მომავლის ყველაზე კარგად წარმოჩენა. ეს ადგილი არის ევროპა.
ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ დიდი ტრადიციებისა და ისტორიის ქვეყანა. რატომ არის გადამწყვეტი ბრძოლა? რადგან ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღებიდან ასეთი კრიტიკული ზღვარი არცერთ არჩევანზე არ ჰქონია. ჩვენი ქვეყნის არჩევანის სხვა მიმართულებით ასე რადიკალური შემოტრიალება, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, 26 ოქტომბრის არჩევნები არის წყალგამყოფი, ან ვიქნებით ჭაობში, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად და იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, მოქალაქეობა, დროშა და გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული.
სწორედ ამისთვის, ყველა სხვა რაღაცასთან ერთად, საჭიროა ერთი რამ, რომელსაც ჰქვია ერთობა. ბრძოლა არის დიდი და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ვერ დავაყენებთ ფეხზე. ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. ვინც სხვანაირად ამბობს, ის არის ან გზააბნეული, ან ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ეროვნული არჩევანია სწორედ ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ერთობით გავიმარჯვებთ აუცილებლად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პირველ ივლისს დააფუძნეს.